დღეიდან საქართველოში პრაიდის კვირეული დაიწყო. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება- ეს ლგბტ აქტივისტების მთავარი სათქმელია. თბილისი პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი პარლამენტში გამართეს და ხელისუფლებას სთხოვეს, მიიღოს ზომები- რათა „პრაიდის“ კვირეულში მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს.
საგანგებო ბრიფინგი პრაიდის ორგანიზატორებმა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართეს. ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს და მინისტრს ურჩევს, რეგლამენტი არ დაარღვიოს. ოპოზიციას ვახტანგ გომელაურისგან აინტერესებს, რა პრევენციული ღონისძიებები გატარდა პრაიდის კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის და როგორ აპირებს პოლიცია ღისების მარშის მონაწილეების ძალადობრივი ჯგუფებისგან დაცვას.
კონსტიტუციით გათვალისწინებული გარანტიების დაცვის ვალებულებას ახსენებს ხელისუფლებას ოპოზიციის სხვა ნაწილიც. მათი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულება ადამიანების ძალადობისგან დაცვაა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს როგორც პრაიდის მხარდამჭერების, ასევე მოწინააღმდეგეების მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება.
“ქართული ოცნება” კი პირობას დებს, რომ ნებისმიერ რადიკალურ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მკაფიო და პრინციპული პოზიცია აქვს პარლემანტის თავმჯდომარეს. კახა კუჭავა ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. მისი თქმით, ვერასოდეს იქნება მოწონებული ძალადობის წახალისება ან პროვოკაციული ქმედებები.
ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტისთვის. სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ კვირეული უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარდეს და ადამიანების კონსტიტუციური უფლებების არ უნდა დაირღვეს.
პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ზუსტი ადგილს ორგანიზატორები ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ, მიზეზად ძალადობრივი ჯგუფებისგან მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებენ. თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება, რემელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართება.