როგორ ჩატარდება ღირსების მარში – საპატრიარქოს ბრალდებები პრაიდის ორგანიზატორებს | 30.06.2021

როგორ ჩატარდება ღირსების მარში – ღონისძიებამდე 5 დღე რჩება. ის, რომ  პრაიდის  კვირეული დაძაბულ ვითარებაში გაიმართება საპატრიარქოს განცხადებიდანაც  ჩანს.  ეკლესია ხელისუფლებას და საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მიმართავს, თავი შეიკავონ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და წახალისებისგან. საპატრიარქო თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს პროვოკაციის და კონფლიქტის გამოწვევის მცდელობაში ადანაშაულებს.

სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ  სახელმწიფოს რთული დავალება აქვს. თბილისი პრაიდის ღონისძიების გამართვის შემდეგ გამოჩნდება, არის თუ არა კონსტიტუცია მოქალაქეების უფლებების მთავარი გარანტი.

თბილისი პრაიდის კვირეულის მშვიდობიანი ფორმით ჩატარებაზე ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას  აკისრებს.  პარლამენტის ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს და ამბობს, რომ სწორედ ვახტანგ გომალაურის უწყებამ უნდა უზრუნველყოს,  მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. “ქართული ოცნება” კი ირწმუნება, რომ  ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.  თუმცა,  უმრავლესობის ლიდერები  ღირსების მარშის გამართვას არ ეთანხმებიან.

თბილისი პრაიდის  ღონისძიებები ხვალიდან იწყება – მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება – ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ. იქვე იქნებიან  პრორუსული, ძალადობრივი  ჯგუფები, რომლებიც ღონისძიების ჩაშლას აანონსებენ.