დიდი ძალისხმევით შევსებული პარლამენტის სხდომათა დარბაზი მალე შესაძლოა ისევ ნახევრად ცარიელი დარჩეს. პარლამენტის კულისებში ოპოზიციამ ხელახალ ბოიკოტზე საუბარი უკვე დაიწყო, რისი მიზეზიც მოსამართლეების დანიშვნის პროცესის განახლებაა. პარლამენტის ბოიკოტირების მთავარი ინიციატორი ხაზარაძე-ჯაფარიძის “ლელოა”, რომელიც ფიქრობს, რომ ოპოზიციამ მოსამართლეთა კანდიდატების განხილვებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. მამუკა ხაზარაძემ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან “ქართული ოცნების” წევრებს მიშელის დოკუმენტიდან ამონარიდი წაუკითხა და მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილა.
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის განმეორიებით ბოიკოტზე ირაკლი კობახიძის გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ ალაპარაკდა. ოპოზიცია არ მალავს, რომ “ოცნების” გადაწყვეტილება არ დაელოდოს მართლმსაჯულების რეფორმას, იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას არც 19 აპრილის შეთანხმება აინტერესებს და არც ქვეყნის ევროპული მომავალი. ოპოზიცია “ოცნების” საბოლოო გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, თუმცა აღიარებენ, რომ ბოიკოტის გზით წასვლა მათი მხრიდან უკიდურესი ნაბიჯი იქნება.
ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად “ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვნას იწყებს. გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ” გუშინ მიიღო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების 9 კაციანი სია პარლამენტს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. მათი სასამრთლოში უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილება ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს.