პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კოვიდრეგულაციების გამო დაკისრებული ჯარიმები უქმდება. ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ჯარიმის გადახდისგან 245 000 მოქალაქე თავისუფლდება. პრემიერის განმარტებით, გადაწყვეტილება პანდემიის დროს დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიიღეს. მისივე ინფორმაციით, უქმდება – 76 მილიონი ლარის ჯარიმა.
კოვიდრეგულაციების გამო დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას პანდემიის დაწყებიდანვე ითხოვდა ოპოზიცია. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის გასაჯაროებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სპეციალური ბრიფინგი გამართა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და რეგულაციების გამო დაწესებული ჯარიმების ჩამოწერა ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმები ოპოზიციის შეფასებით არასამართლიანი იყო, ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილის ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიაა.
უცნობია, დაუბრუნდებათ თუ არა დაკისრებული თანხა მათ, ვინც რეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმა უკვე გადაიხადეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ჯარიმა 20 ლარია, კარანტინის, იზოლაციისა და გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის კი მოქალაქე 2 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ეს ჯარიმები გაუქმდება, პარლამენტს უკვე წარედგინა.