ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს სწრაფად შეასრულონ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება. სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა სენატორების ჯინ შაჰინის, რონ ჯონსონის და ჯეიმს რიშის მიერ 2021 წლის 22 აპრილს წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც ყველა არჩეულ პარლამენტარს მოუწოდებს მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, დაიკავოს ადგილი პარლამენტში და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. კომიტეტზე, რომელზეც საქართველოს შესახებ რეზოლუციას განიხილავდნენ, სენატორმა ჯიმ რიშმა აღნიშნა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის პრობლემების მოგვარების საკითხებში, შეერთებულ შტატებზე ზედმეტ იმედებს ამყარებენ.
სენატის რეზოლუციიდან ერთმანეთისგან განსხვავებული გზავნილები ამოიკითხეს “ქართული ოცნების” და ოპოზიციის წევრებმა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყურადღებას იმ ნაწილზე ამახვილებენ, სადაც სენატორები “ნაციონალურ მოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.
“ნაციონალური მოზრაობა” კი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებს იზიარებს, თუმცა, პოზიციას არ ცვლის და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს. პარტიაში ამბობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი, ამნისტიის შესახებ კანონი მათთვის წითელი ხაზია. ოპოზიცია ყურადღებას სანქციებზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ თუ მიშელის დოკუმენტი სრულად არ შესრულდება ქვეყანას ფინანსური დახმარება შეუჩერდება.
საქართველოს შესახებ რეზოლუციაში სენატორები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, ყველა მხარესთან კონსულტაციების შედეგად გაატაროს სისტემური რეფორმები, რათა უზრუნველყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც არ მოემსახურება პოლიტიკურ მიზნებს. დოკუმენტში სენატორები საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზეც საუბრობენ, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური კრიზისის განმეორება. სენატის რეზოლუციაში დადასტურებულია შეერთებული შტატების სენატის ორპარტიული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ. დაგმობილია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.