მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატთა ახალი სია განსახილველად პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, “ქართულმა ოცნებამ” ჯერ ისევ არ იცის აუვლის თუ არა გვერდს 19 აპრილის შეთანხმებას და გააგრძელებს თუ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს. როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს აღნიშნა, მიშელის დოკუმენტში და საქართველოს კონსტიტუციაში კიდევ ერთხელ ჩაიხედავენ, ერთმანეთს შეადარებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
ვიდრე “ქართული ოცნება” ევროპელ მედიატორებს საბოლოო პასუხს გასცემს, არასამთავრობო სექტორი სასამართლოს მიტაცების მცდელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. “სისტემა, რომელიც კლანის ტყვეობაშია” – ასე შეაფასა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის საბჭოს ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც მათი თქმით, ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. არასამთავრობო სექტორმა ხანგძლივი დაკვირვების შემდეგ დაადგინა, რომ საბჭო არათუ მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებულ საჩივრებს განიხილავს, არამედ სასამართლოების თავმჯდომარეებს ვადის ამოწურვის შემდეგ სხვა ინსტანციებში ასაქმებს.
ის, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადგინა, სასამართლოზე თავდასხმის მორიგ მცდელობად აღიქვა ბრლადბების მთავარმა ადრესატმა. “ქართული ოცნება” დღეს ისევ ამტკიცებს, რომ სასამრთლოში კლანი არ არსებობს და ხელისუფლება სამართლის აღსრულების პროცესში არ ერევა. მმართველი ძალა ფიქრობს, რომ საუბარი ე.წ კლანის მმართველობაზე მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.
რა როლის აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში და არსებობს თუ არა კლანი, რომელიც სასამართლო სისტემაში ყველას და ყველაფერს აკონტროლებს – ამ კითხვებზე პასუხი შესაძლოა იმ დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გასცეს, რომლის შექმნის მოთხოვნითაც, დღეს, “ნაციონალური მოძრაობა” გამოვიდა. ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ფრაქცია დარწმუნებულია, რომ ეს კომისია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს გამოკვეთს, რაც შემდეგ უკვე საერთაშორისო მხარეს წარედგინება.
გამოიკვეთება თუ არა საბჭოს წევრების პასუხისმგებლობა და მოხვდებიან თუ არა ისინი დასავლეთის შავ სიაში – ოპოზიცია დღეს უკვე ხმამაღლა საუბრობს, რომ, თუ სასამართლო სისტემა არ რეფორმირდება, ისინი დასავლეთთან სწორედ ამ ადამიანების სანქცირებაზე აქტიურად დაიწყებენ მსჯელობას.