რიონის ხეობა ისევ ჩაკეტილია. დღეს რიონის ხეობის მცველების პროტესტის 231-ე დღეა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამ დრომდე ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. შაბათს, ევროკავშირის ექსპერტების მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ საპოლიციო ძალები სოფელ გუმათში აღმართულ ბარიკადებს აიღებდნენ. აქციის ორგანიზატორები ასევე ითხოვდნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან გასვლას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, მედიაციის გაგრძელება სწორედ ამ პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.
მცველების მოთხოვნებს მთავრობა საპასუხო მოთხოვნებს უყენებს. ეკონიმიკის მინისტრი ამბობს, რომ რიონის ხეობაში პოლიციის ძალები მანამდე დარჩებიან, სანამ რიონის ხეობის მცველებისგან საჯაროდ არ ექნებათ პირობა, რომ პროტესტი მშვიდობიანად გაგრძელდება. ნათია თურნავა განმარტავს, რომ საპოლიციო ძალები სოფელ გუმათში დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით დგანან.
მშვიდობიან პროტესტზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს რიონის ხეობის მთავარი მცველი. ვარლამ გოლეთიანი მოთხოვნების უპირობოდ შესრულებას ითხოვს.
როგორ გაგრძელდება მოლაპარაკება ნამახვანჰესის მშენებლობის ირგვლივ, ამ ეტაპზე ბუნდოვანია. ევროკავშირის მედიაციით მომდევნო შეხვედრა კვირის ბოლოს უნდა გაიმართოს.