დღეს საგამოძიებო უწყება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასთან შევიდა. მიზეზები გამომძიებელს არ განუმარტავს.
მიხეილ კალანდიამ ჩვენება არ მისცა. ადვოკატის ინფორმაციით, კალანდიას სამართლებრივი სტატუსი აძლევს საშუალებას, რომ ჩვენებაზე უარი განაცხადოს. ზურა თოდუას განმარტებით, კალანდია ამავე საქმეში ბრალდებული გიორგი მენაბდის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ფარგლებში უნდა დაეკითხათ. საქმეზე პროკურატურის კვლავ გააქტიურების გამო იურისტი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყების სამიზნე გიორგი გახარიაა. მიზეზი კი პოლიტიკურია.
მოუწევს თუ არა გიორგი გახარიას, მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ, ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიების წინაშე წარსდგომა – საკითხი ბუნდოვანია. ყოფილი პრემიერის გუნდში გამორიცხავენ, რომ გახარიას ბრალეულობა გამოიკვეთოს, თუმცა, არსებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, მოვლენების განვითარების პროგნოზირება უჭირთ.
ხორავას ქუჩის საქმეზე, რომ ხელისუფლებამ არაერთი შეცდომა დაუშვა, ახალი არ არის ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდი კი უარყოფს, რომ ხელისუფლება გახარიას გასამართლებას ხორავას ქუჩის საქმეზე პოლიტიკური მოტიცით აპირებს.
შეეცდება თუ არა უარის შემდეგ, გამოძიება მიხეილ კალანდიას დაკითხვას ისევ, ამ ეტაპზე უცნობია. მსჯავრდებულის ადვოკატი ვარაუდობს რომ საქმეში ახალი ბრალდებულის გიორგი მენაბდის საწინააღმდეგო ჩვენების სანაცვლოდ მათ საპროცესო შეთანხმებას შესთავაზებენ. 15 ივნისს ასევე იწყება საქმის კიდევ ერთი ეპიზოდის განხილვა, სადაც კალანდიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.