ოპოზიციური პარტიების სადამსჯელო ღონისძიება თუ საბოტაჟის პრევენცია – განხილვა სესიაზე | 10.06.2021

პარლამენტის სხდომა დღესაც მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი ამჯერად “ქართული ოცნების” კიდევ ერთი კანონპროექტი გახდა, რომელიც პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ეხება. “ოცნების” საკანონმდებლო პაკეტით, პარტიები რომლებიც დეპუტატის მანდატებზე უარს იტყვიან, საბიუჯეტო დაფინანსებას  და რიგ პრივილეგიებს დაკარგავენ, რაც ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით არაკონსტიტუციურია და ის კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს ეძღვნება. დეპუტატები კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვენ.

ოპოზიციის კრიტიკას და შენიშნვებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაშია. კანონპროექტის ავტორის, ანრი ოხანაშვილის თქმით პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება არა საპარლამენტო ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის შემთხვევაში შეუწყდებათ. ამასთან, პარტია 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ ამ პარტიის წევრთა ნახევარზე მეტი პლენარული სხდომების უმეტესობას არასაპატიო მიზეზით გააცდენს.

პარტია “გირჩი” ინიციატივით გამოდის რომ პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსება საერთოდ გაუქმდეს. თვლიან, რომ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებაზე დამოკიდებულნი აღარ იქნებიან, მმართველი გუნდი კი ამ ბერკეტს სანქციის სახით ვეღარ გამოიყენებს.

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. “ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა. თუმცა, კანონპრიექტი პარლამენტს შენიშვნებით დაუბრუნდა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი კანონპროექტი მმართველმა გუნდმა მეორე მოსმენით განსახილველად გამოიტანა.