პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ ისევ გააქტიურდა. “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ რამდენიმე თვიანი დუმილი დაარღვია და პოლიტიკურ ველზე ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი გახარიას კრიტიკით გამოჩნდა. ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა და ყოფილი პრემიერი საკუთარი გუნდის და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ გიორგი გახარიამ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონდე თანამდებობა გაუგონარი მიზეზით დატოვა, რაც მის გაკვირვებას იწვევს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც, გახარია ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას თავადაც დაჟინებით ითხოვდა. “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ირწმუნება რომ გახარიას ახალი პარტია მისი პროექტი არ არის და ის პირიქით, მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების წასართმევად შეიქმნა.
“მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა,” – წერს ბიძინა ივანიშვილი.