სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში – გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს.
სახალხო დამცველი ადგილზე შეშვებას ისევ უშედეგოდ ითხოვს, თუმცა, ნინო ლომჯარია პირობას დებს, რომ გამოიყენებს სამართლებრივ და პოლიტიკურ ყველა გზას, რომ ბავშვები თავშესაფარში აღარ დარჩნენ. ლომჯარიასთვის გაუპატიურების თუ ძალადობის ფაქტების შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობიტ უცნობია, თუმცა ამბობს, რომ საქმის მასალები გამოტხოვილი აქვს და როგორც კი მიიღებს, გაასაჯაროვებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, თითოეულ შემტხვევაში ბენეფიციარებმა თავად მიმართეს საგამოძიებო უწყებებს მას შემდეგ, რაც პანსიონი დატოვეს და იქ აღარ ირიცხებოდნენ. ომბუდსმენი პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს და საკანონმდებლო ორგანოს აკისრებს.
პანსიონში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მესამე სექტორიც საუბრობს და ადგილზე სახალხო დამცველის დაუყოვნებლივ შესვლას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებულნი არიან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ომბუდსმენი პანსიონში შევა, გაცილებით მეტი დანაშაული გამოიკვეთება. ისინი ოპოზიციასაც მოუწოდებენ, გამოიყენონ ტრიბუნა და ყველა პასუხისმგებელი პირი პარლამენტში დაიბარონ.
ოპოზიცია მთავრობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. საგანგებო ბრიფინგი გაიმართა დღეს “ნაციონალურ მოძრაობაში”, სადაც ითქვა, რომ საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ პანსიონში დანაშაული სახელმწიფოს გულგრილობითაა ჩადენილი. ოპოზიცია ხელისუფლებას სასწრაფო წესით ადეკვატური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, თავად კი საერთაშორისო პარტბნიორების ინფორმირებას გეგმავენ. მათი შეაფსებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახელმწიფო დუმს, რადგან „ქართულ ოცნებას“ რელიგიის საფარქვეშ ხმების მიღება სურს.
ხელისუფლება კი, ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე ისევ არ საუბრობს და სახალხო დამცველს აკრიტიკებს. “ქართული ოცნების” წევრებისთვის გაუგებარია, რატომ არ თქვა ნინო ლომჯარიამ აქამდე, რომ ბავშვთა პანსიონში სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა. ალუდა ღუდუშაურს კითხვები უჩნდება არა იმაზე თუ რატომაა საქმე ხუთი წლის მანძილზე გამოუძიებელი, არამედ იმაზე – სუბიექტურად ხომ არ ხდება ახლა ამ საკითხის გააქტიურება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 2016-2021 წლებში გამოძიება ოთხი სისხლის სამართლის საქმეზეა დაწყებული. სამართალდამცავი უწყება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტს და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტს იძიებს.