ძიუდოისტის ცემის საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვა ხმაურიანი და ხანმოკლე აღმოჩნდა. პროკურატურამ დაცვის მხარეს ამნისტია და დაზარალებულის ჩართვა შესთავაზა, თუმცა უგულავამ ამნისტიაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ამნისტია არ სჭირდება, ვინაიდან არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. უგულავა მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. საუბარია თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე. დედაქალაქის ყოფილ მერს გამოძიება ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება. უგულავასთან ერთად საქმეზე ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი, დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.
გიგი უგულავას პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოძრაობა “საქართველოსვის” ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება.