ოკუპანტები ხურვალეთის სასაფლაოსთან სავარაუდოდ პორტატულ თანამგზავრულ რადიოსადგურს ამონტაჟებენ | 02.06.2021

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთის სასაფლაოსთან სავარაუდოდ პორტატულ თანამგზავრულ რადიოსადგურს ამონტაჟებენ. ამის ამსახველი ვიდეომასალა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა გადაიღო. დავით ქაცარავას ინფორმაციით რუსი ოკუპანტები გუშინ საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნებს ატარებდნენ და რადიოსადგურისთვის საჭირო მოწყობილობებს დგამდნენ, თუმცა, დრონის დანახვისთანავე ოკუპანტებმა ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს. ქაცარავას თქმით, ის პორტატული მოწყობილობები, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამონტაჟებდნენ რუსეთს საშუალებას აძლევს მოუსმინოს, როგორც ქართველი სამართალდამცველების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სატელეფონო საუბრებს. ქაცარავა მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მსგავს ფაქტებზე ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მომხდარზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრი კი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებას გმობენ და ინციდენტთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები.