სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა – ამ ფონზე კი ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება. მათ შორის, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, საწვავი და 1 ივნისიდან უკვე ბუნებრივი აირიც.
ის რომ დღითიდღე ყველაფერი ძვირდება და მათ შორის, კომუნალური გადასახადებიც არ უკვირთ ეკონომისტებს. დარგის ექსპერტები პრობლემას “ქართული ოცნების” მიერ არასწორად გატარებულ ეკონომუკურ პოლიტიკაში ხედავენ და პასუხიმგებლობას სწორედ მმართველ გუნდს აკისრებენ. ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ ლარის გამყარება და ეკონომიკური პოლიტიკის სწორად წარმართვა არ მოხდება ფასების კიდევ უფრო მატება გარდაუვალი იქნება. მათი თქმით, მოსახლეობისთვის განსაკუთრებით რთული ზამთარი იქნება, რადგან ბუნებრივ აირზე გაძვირებულ ტარიფს ღარიბი მოსახლეობა ვერ გადაიხდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია და 21,3%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 1 წელიწადში, 18-დან 21%-მდეა გაზრდილი უმუშევართა რაოდენობა და ამ ფონზე შემცირებულია საშუალო თვიური ხელფასი.