საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე დღეს სამხედრო პატივით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტი და პოლიტიკოსები დაესწრნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს. გენერლის ნეშტის გადმოსვენება საფრანგეთიდან საქართველოში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 51 წლის შემდეგ მოხერხდა. პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე, სიმბოლურად სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალეს. გიორგი კვინიტაძე საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კი გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.