საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს TOP-ათეულშია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მეათე ადგილს, 18.5%-ით, იკავებს. ათეულის სათავეში ისეთი ქვეყნები არიან, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკა, ჯიბუტი, პალესტინის ტერიტორია, კოსოვო და სხვა. 2020 წლამდე საქართველო უმუშევრობას 1982 წელს მიღებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლიდა, რომლის მიხედვითაც, თვითდასაქმებული ადამიანები, იმის მიუხედავად, მათ აქვთ თუ არა შემოსავალი, დასაქმებულებად ითვლებოდნენ, თუმცა 2020 წლიდან საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ 2017 წელს მიღებულ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომლითაც თვითდასაქმებული ადამიანი დასაქმებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას ფულადი შემოსავალი აქვს. მეთოდოლოგიის შეცვლის შედეგად, გადაანგარიშდა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც. მაგალითად, 2019 წელს, თუკი წინა მეთოდოლოგიით, საქართველოში მოქალაქეების 11.6% ითვლებოდა უმუშევრად, ახალი მეთოდოლოგიით ეს რიცხვი 17.6%-მდე გაიზარდა.