ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. ჯო ბაიდენმა ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა. ქართველი კურსდამთავრებულები ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაგზავნილი პირველი კადეტები არიან, რომლებიც, საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ. კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ. ბაიდენმა ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები სწორედ ნიკოლოზ შარაძესა და რამაზ პაპიძესთან ერთად გადასცა.