საქართველოში დემოკრატიის შემცირებული მაჩვენებელი, მართლმსაჯულების სისტემაში გაღრმავებული კრიზისი და 31 ოქტომბრის არჩევნები, როგორც ქართული დემოკრატიის დიდი გამოცდა – ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, დემოკრატიულობის კომპონენტში საქართველოს 100-დან მხოლოდ 36,31% აქვს. ანგარიშის თანახმად, შემცირებულია მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგი და ის 7-ქულიან შკალაზე 3.50 ქულით ფასდება. ანგარიშში მოხვდა ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებიც. ორგანიზაცია წერს, რომ პოლიტიკური მოტივაცია 4 საქმეში იკვეთებოდა.
“2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ აღძრა რამდენიმე საქმე ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ. 2020 წელს ახალი ამბების სათაურებში დომინირებდა ოთხი შემთხვევა. მათ შორის იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი (ოპოზიციური პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი), ნიკანორ მელია (ყოფილი მმართველი პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), გიორგი რურუა („მთავარი არხის“ დამფუძნებელი და 2019 წლის ივნისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი) და გიორგი უგულავა (თბილისის ყოფილი მერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“). ოთხივე საქმე განიხილებოდა სამართლებრივი ხარვეზებით და დარღვევებით. პოლიტიკური მოტივებზე იყო საუბარი, ასევე, ფულის გათეთრების ბრალდებაში, რომელიც პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს წარუდგინეს წლის პირველ ნახევარში.”