რა რეაგირება მოყვება დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ ინციდენტებს. სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენი განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შესაძლო სამართალდარღვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების, მომხდარის სამართლებრივი შეფასების და ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით.
მწვავე დაპირისპირება დმანისში 16 მაისს დაიწყო. ჩხუბის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველს თავდაპირველად 4 პირი დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი ისინი ადგილზე დაახლოებით 40 ადამიანთან ერთად დაბრუნდნენ და მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილობრივებს შორის დაპირისპირებამ მეორე დღეს, 17 მაისს, უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. დაძაბული დღის ბოლოს, დაპირისპირებულმა მხარეებმა შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კონფლიქტი ამოწურულია, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.