ქვეყანაში ვაქცინაზე მოთხოვნა მის რაოდენობას აღემატება | 13.05.2021

“სინოფარმით” ვაქცინააცისთვის მეორე ეტაპი ხარვეზებით დაიწყო. რეგისტრაცია გუშინ საღამოს 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ მოქალაქეებმა მეორე დოზისთვის რეგისტრაცია ვერ შეძლეს, პროცესი მალევე შეჩერდა. მიზეზი საიტის გაუმართაობა და შეფერხებით მუშაობა გახდა. 45 წელს ზევით მსურველები ვერც “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე რეგისტრირდებოდნენ. აცრებზე რეგისტრაციისთვის შექმნილი ხარვეზის გამო  ბოდიში მოიხადა ქვეყნის პირველმა ეპიდემიოლოგმა.

ქვეყანაში ვაქცინაზე მოთხოვნა მის რაოდენობას აღემატება.  სწორედ ამიტომ მომავალი კვირიდან ჩინური “სინოვაკით” ვაქცინაციის დაწყებაც იგეგმება. “სინოვაკი” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ჯერ ისევ ელოდება, თუმცა  დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ვაქცინას ჯანმოს სამეცნიერო ექსპერთა კომიტეტის მხრიდან საკმაოდ კარგი შეფასება აქვს. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ჩინურ ვაქცინა „სინოვაკს“ სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. 15 მაისს  სრულდება „ფაიზერის“ მეორე დოზით აცრებიც,  დარჩენილი დოზები კი  გამოყენებული იქნება იმ ჯგუფებზე, რომლებსაც იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტს. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ჯამურად 77 343 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 13 084 ადამიანი.

ბოლო 24 საათის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში შედარებით სტაბილურია. 32 000-მდე საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანიდან დადებითი მხოლოდ 776 აღმოჩნდა. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 16 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში მაღალი იყო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ინფექცია 1 329 პაციენტმა დაამარცხა. შესაბამისად დადებითობის დღიური მაჩვებელი 2.43%-მდე ჩამოვიდა.