ნიკა მელიას 77 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში კონსულტაციები გრძელდება. მთავარი შეკითხვა, რომელზეც ახლა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გასცეს პასუხი – არის შევა თუ არა პარტია პარლამენტში. პარტიის წევრები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარესთან ერთად კონსულტაციების შედეგად მიიღებენ. მანამდე კი არ მალავენ, რომ გუნდში საკითხზე აზრთასხვადასხვაობაა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილი ამბობს, რომ სრულფასოვანი მუშაობისთვის პარლამენტში შესვლა აუცილებელია, მეორე ნაწილი კი ამ ეტაპზე საპარლამენტო ბოიკოტის გაგრძელებას მიესალმება.
კიდევ ერთი საკითხი რაზეც ახლა “ნაციონალურმა მოძრაბამ” საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს თბილისის მერობის კანდიდატს უკავშირდება. კითხვაზე იქნება თუ არა ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი პარტია პასუხის გაცემას არ ჩქარობს, თუმცა ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” დამარცხებისთვის მნიშვნელოვანი საერთო კანდიდატის დაყენებაა.
“ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო გეგმებზე საუბარი არ სიამოვნებს მმართველ პარტიას. ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რადიკალური პარტიაა, რომელიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერანაირად ვერ შეცვლის.
ვიდრე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მის პოზიციებს შეაჯერებს, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ 15 მაისს დაგეგმილი აქცია სავარაუდოდ ჩაიშლება. “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი მოწერის შემდეგ ხალხის დიდი რაოდენობით მობილიზება უკვე ვეღარ მოხერხდება.