საქართველოში საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია | 11.05.2021

საქართველოში საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – 1ლიტრი საწვავის ღირებულება ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე 3 ლარს გადასცდა. პანდემიის ფონზე, როდესაც ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია და მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა საწვავზე ფასები ბოლო რამდენიმე თვეა საგანგაშოდ იზრდება. მხოლოდ სამ თვეში საწვავის ღირებულება დაახლოებით 70-80 თეთრით არის გაძვირებული. რაც ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება. საწვავზე მომატებული ფასის გამო მძღოლები შეშფოთებას ვერ მალავენ და პასუხისმგებლობას ხელისულფლებას აკისრებენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ  საწვავზე ფასის ზრდა საერთასორისო ბაზარზე ნავთობპროდუქებზე ფასების მომატებამ და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია. ვანო მთვარალაშვილის თქმით თუ სიტუაცია არ დასტაბილურდება საწვავის კიდევ უფრო გაძვირება გარდაუვალი იქნება.

hub georgia-ს აღმასრულებელი დიექტორი, ვასო ურუშაძე კი ნავთობპროდუქებზე ფასების მატებას დიდი ხანია პროგნოზირებს. ურუშაძე შექმნილ ვითარებას ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. ამბობს, რომ, თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება და ვალუტის კურსი არ დასტაბილურდება, საწვავზე ფასების მატება გაგრძელდება.

დარგის ექსპერტები გამოსავალს ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლაში ხედავენ,  ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კი ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაა.  ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება აქციზის გადასახადს გაანახევრებს, 1 ლიტრი საწვავი დაახლეობით 50-60 თეთრით გაიაფდება, რაც მოსახლეობაზე დადებითად აისახება.

დღეის მდგომარეობით ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე, საწვავის ფასი 3 ლარს გადასცდა. გაძვირებული საწვავი  კი სხვა პროდუქტების ფასებზე და შესაბამისად  მოსახლეობის ჯიბეზე უარყოფითად აისახება.