“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რუსთავის ციხე დატოვა. ნიკა მელიას საპატიმროს კართან მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და პოლიტიკური მხარდამჭერები დახვდნენ. ოპოზიციური ერთობის ლიდერმა საზოგადოებას პირველი განცხადებითაც მიმართა და ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი დაანონსა. თავისუფლებაზე გამოსულმა მელიამ თქვა, რომ სამომავლო გეგმებზე მსჯელობას გუნდის შიგნით უახლოეს დღეებშივე დაიწყებს.
ციხის აპარატის თანამშრომლებმა ნიკა მელია საპატიმროდან სათადარიგო კარით გამოაცილეს, რამაც ადგილზე გაუგებრობა გამოიწვია და მედიასთან კომუნიკაცია გაართულა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში გისოსებს მიღმა “ქართული ოცნების” სხვა პოლიტიკური პატიმრები აღმოჩნდებიან.
ნიკა მელიას დასახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მელიას მხარდამჭერები, რომლებიც ციხესთან რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემდეგ ნიკა მელია ციხიდან გამარჯვებული და ამაყი გამოვიდა. მათი აზრით, მელია, როგორც პოლიტიკური პატიმარი ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაში გარდამტეხ როლს შეასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიამ ციხეს ევროკავშირის გირაოს საფუძველზე დატოვა, ის მმართველი გუნდისთვის პოლიპატიმარია მაინც არაა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მელიას მიერ გირაოსთან დაკავშირებით არაერთხელ შეცვილილმა პოზიციამ ის კომიკურ სიტუაციაში ჩააგდო. მათი თქმით, გირაოს თანხის გადახდა პროკურატურის მოთხოვნასთან შესაბამისობაშია, ეს კი დასტურია, რომ ევროკავშირი ქართულ მართლმსაჯულებას პატივს სცემს.
ახლა მთავარი კითხვაა, რას შეცვლის ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა ოპოზიციური სპექტრისთვის. იქნება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შემდეგი ვინც მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს და პარლამენტში შევა – ამას ნიკა მელიას თავმჯდომარეობით გამართული პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.