„უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის“ – ქვეყანა მესამე ტალღის ზღვარზე | 06.05.2021

ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის ზღვარზე. 20 გარდაცვლილი და 1 806 ახალი ინფიცირებული – კოვიდ სტატისტიკა ქვეყანაში  ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7%-მდეა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, თუმცა ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ მოსახლეობა მაღალ პასუხიმგებლობას გამოიჩენს და რეგულაციებს დაიცავს, რითაც პიკური პერიოდის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.  ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად თითქმის ყველა საწოლი დაკავებულია. ექიმ მარინა ეზუგბაიას თქმით,  გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ.

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პარალელურად ფართოვდება ვაქცინაცირბულთა წრეც. დღეს ჩინური ვაქცინით აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის,  გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი. ზახაშვილის თქმით, სწორედ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა რომელმაც მსოფლიო პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე უნდა მიიყვანოს. დღესვე ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” საჯაროდ აიცრა “ქართული ოცნების” 20-მდე დეპუტატები. პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აკვირდებოდა, რომელმაც თქვა, რომ მთავრობის წევრებისა და დეპუტატების ჩართულობა ვაქცინაციას უფრო გააქტიურებს.

43 000 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინა უკვე საქართველოშია. ის იმ პირებისთვისაა გათვლილი, როლებმაც ვაქცინის  პირველი დოზა უკვე გაიკეთეს. “ასტრაზენეკას” მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 8-12 კვირის ინტერვალში. აცრის პროცესი კი 10 მაისიდან დაიწყება. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით ჩაიტარა.

“სინოფარმით” ვაქცინაციისთვის უკვე 20 987 მოქალაქეა დარეგისტრირებული. “სინოფარმით” ბოლო 2 დღეში  2278 მოქალაქე აიცრა, გვერდითი მოვლენის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 51 600 პირია აცრილი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.