დანაშაული სასულიერო პირების მონაწილეობით – თავდასხმა „მთავარის“ გადამრებ ჯგუფზე და ივერი მელაშვილზე | 05.05.2021

მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე  და ივერი მელაშვილზე თავდასხმის  შემდეგ, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტით  არ დაინტერესდა. შინაგან საქმეთა მინისტრი გარეჯში მომხდარ ძალადობას გმობს, თუმცა ამბობს, რომ მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა პროკურატურის პრეროგატივაა.

თავდასხმა “მთავარ არხზე” გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და სიუჟეტზე მუშაობდა.  ნასვამ მდგომაროებაში მყოფი სასულიერო პირები ჟურნალისტ ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად  გაუსწორდნენ. დაზიანებულია მთავარი არხის კამერა.  თავდასხმის შემდეგ “მთავარი არხის” მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. გარეჯში მომხდარ დანაშაულს ასახავს “მთავარი არხის” კადრები,  თუმცა არანაკლებ მძიმე დანაშაულზე საუბრობს   თავად ჟურნალისტი ნინუცა კეკელია.  ამბობს, რომ  დაკითხვის დროს პროკურორი ყველანაირად ცდილობდა, ჩვენებაში არ მოხვედრილიყო ის ნაწილი, სადაც  ის ხსნიდა, რომ თავდამსხმელებმა მათ მიმართ აგრესია გამოხატეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს.

თავდასხმის კიდევ ერთი ობიექტი  სადელიმიტაციო სადემარკაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილია. ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებული დავით გარეჯში მომხდარ თავდასხმას ხელისუფლების მიერ აგორებულ კამპანიას უკავშირებს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ადვოკატი პარლამენტს მოუწოდებს გარეჯის საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნან. მშვენიერაძე ამბობს,რომ  გამოძიების ჩატარების შემთხვევაში,  არა მელაშვილის, არამედ იმ პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, რომლებმაც საქმის წარმოება დაიწყეს.

საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე კარტოგრაფ ივერი მელაშვილის გამოჩენას პროვოკაციას უწოდებს “ქართული ოცნების” დეპუტატი. გია  ვოლსკის თქმით, ის რაც დავით გარეჯში მოხდა-დაგეგმილი პროვოკაციაა.

“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცელი. ნინო ლომჯარია  მედიის წარმომადგენლების მიმართ ყველა სახის ძალადობას გმობს და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმები. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირების მხრიდან “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილზე თავდასხმას ამ დრომდე არ გამოხმაურებია საპატიარქო.