პარლამენტში კანონპროექტების განხილვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ირკვევა, რომ “ქართული ოცნების” პროექტში არის კონკრეტული მუხლი, რომელიც ოპოზიციის განცხადებით პირდაპირ ნიკა მელიასთვის ჩაიწერა. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტში ნათქვამია, რომ ამნისტიის აქტი შეეხება ყველას, ვინც ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ იტყვის. ეს ჩანაწერი კი პარლამენტში შესული ოპოზიციის აზრით გაუგებარია და ის შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანმების პირობებს ეწინააღმდეგება.
პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს ჩანაწერი ნიკა მელიას ციხეში დატოვების მიზნით გააკეთა, რაც მათი შეფასებით შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე პარლამენტი სწორედ მმართველი გუნდის კანონპროექტს დაამტკიცებს, რაზეც მათი თქმით პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა იჩქარეს და არ აწარმოეს სათანადო კონსულტაციები მათ შორის ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.
“ქართულ ოცნებაში” არალოგიკურს უწოდებენ ამნისტიის გავრცელებას იმ ადამიანზე, რომელიც ამნისტიის წინააღმდეგია. მმართელ გუნდში ამბობენ, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი საკმაოდ დაბალანსებულია, დეტალებზე კი იურისტებმა უნდა იმსჯელონ.
ბრალდებულის მიერ ამნისტიაზე თანხმობის მუხლი არ არის ერთადერთი საკითხი რაც ოპონენტებისთვის მიუღებელია. მიშელის დოკუმენზტე ხელმომწერი პარტიები ითხოვენ, რომ ამნისტია კონკრეტულ პირებს მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში შეეხოთ. ეს მოთხოვნები კი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის გაუგებარია. ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თუ ამნისტია მძიმე მუხლით ბრალდებულ ნიკა მელიას უნდა შეეხოს, რატომ არ უნდა გავრცელდეს ის მათზე ვინც შედარებით მსუბუქი დანაშაული ჩაიდინა.
ამ ეტაპზე პარლამენტში ამნისტიის ორი პროექტია ინიცირებული, რომელსაც ჯერ კომიტეტებზე შემდეგ კი სესიაზე განიხილავენ. საბოლოოდ პარლამენტი იმ პროექტს დაამტკიცებს, რომელიც მინიმუმ 76 ხმას დააგროვებს. ამნისტიის კანონპროექტებზე მუშაობას პარლამენტი სავარაუდოდ 12 მაისიდან დაიწყებს, მას შემდეგ რაც ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეები დასრულდება.