ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი ჩინური ვაქცინით ამირან გამყრელიძე აიცრა | 04.05.2021

“ფაიზერის” და “ასტრაზენეკას” შემდეგ ქვეყანაში სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყო. პირველი, ვინც დღეს ჩინური ვაქცინა გაიკეთა ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი იყო. ამირან გამყრელიძე “სინოფარმით” რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა. ვაქცინაციის შემდეგ კი მთავარმა ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ პანდემია იმუნიზაციის გარეშე ვერ დასრულდება. ამირან გამყრელიძის თქმით, “სინოფარმით”  ვაქცინაციის პროცესი  მსოფლიოს უკვე 45 ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი ეფექტურობა სხვადასხვა კვლევების მიხედვით საკმაოდ მაღალია.

დღეიდან ჩინური წარმოების ვაქცინით აცრა 18 წელს გადაცილებულ ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა. ქვეყანაში სინოფარმის სულ 100 000 დოზაა, ადგილები კი თითქმის სრულად შევსებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ აქვს, ის საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.  როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ლევან გოფოძე ამბობს, სინოფარმით ვაქცინაციაზე მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგისტრაციის ყველა ფანჯარა უკვე დახურულია.

6 მაისიდან კი ქვეყანაში “ასტრაზენეკას” კიდევ 43 000 დოზა შემოვა, რომელიც იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ამ დროისთვის ასტრაზენეკას ვაქცინით 25 461 ადამიანია აცრილი და დაჯავშნილი აქვს 10 000 ადამიანს. ჯანდაცვის სამინისტრო ივნისში კოვაქსიდან “ფაიზერის” გარკვეულ დოზებსაც ელოდება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით უახლოეს პერიოდში ბაზარზე შესაძლოა ამერიკული კომპანია “ნოვავაქსის” ვაქცინაც გამოჩნდეს.

მიმდინარე კვირიდან საქართველოში ვაქცინაცია ფართოვდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი  გადაწყვეტილებით იმუნიზაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან. გარდა ამისა პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები. იმ პირებისთვის, კი, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარებული ექნებათ, საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესებაზე მსჯელობს, მათ შორის საუბარია ე.წ მწვანე პასპორტების გაცემაზე.

ვაქცინაციის პარალელურად კი ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე 8%-ს გადასცდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 788 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ს კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 5 პაციენტი რუხის კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეიდან ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. 12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.