1476 ინფიცირებული 15 გარდაცვლილი და 791 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა ქვეყანაში. გასულ დღე-ღამეში 28 000-მდე ტესტი ჩატარდა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 310 310-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა ისევ დედაქალაქში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი სამეგრელო-ზემო-სვანეთია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.29%-ს შეადგენს.
ინფიცირების ზრდის პარალელურად ქვეყანაში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა შემოვიდა. ჩინეთის ნაჩუქარი “სინოვაკი” “სინოფარმის” მსგავსად ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული. როდის დაიწყება სინოვაკიტ ვაქცინაცია ჯერჯერობით უცნობია. “სინოფარმის” ვაქცინაზე კი ბოლო მონაცმებით 15 325 ადამიანია დარეგისტრირებული. ხოლო კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთათვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე უკვე 65 844 პირმა გაიარა რეგისრაცია. ამ დროისთვის ჯამში 45 338 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე მსოფლიო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დამცავი ზომების ნაადრევად შემსუბუქების გამო შესაძლოა ინდოეთის სიტუაცია ყველგან განმეორდეს. ჯანმოს წარმომადგენელმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია. კლუგემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერმა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა.
ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ისევ რეკორდულად იმატებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 386 452 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 3 498 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. ქვეყანაში გადატვირთულია საავადმყოფოები და მორგები, მედიკამენტებისა და ჟანგბადის დეფიციტია. იმის გამო, რომ კრემატორიუმები გადატვირთულია, მიცვალებულების კრემაციის ადგილებს პარკებსა და მანქანების ავტოსადგომებზე კუსტარულად აწყობენ. შექმნილი ვითარების გამო ინდოეთის დახმარების სურვილი უკვე არაერთმა ქვეყანამ გამოტქვა. ჰუმანიტარული ტვირთი გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან უკვე ჩაიტანეს.
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება მსოფლიოშიც. დადებითი შემთხვევების რაოდენობამ უკვე 151 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 3 მილიონზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 128 მილიონზე მეტია.