18 გარდაცვლილი, 1 433 ახალი შემთხვევა – სულ აცრილია – 43 568 ადამიანი | 29.04.2021

18 გარდაცვლილი, 1 433 ახალი შემთხვევა და 1 160 გამოჯანმრთელებული, – ასეთია კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა. დადებითობის დღიური მაჩვენებლი ისევ 5%-მდეა, ბოლო 24 საათში 30 000-მდე ტესტი ჩატარდა.  პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 308 834 ადამიანი დაინფიცირდა, 4 095 – გარდაიცვალა, ხოლო 289 976-მა ინფექცია დაამარცხა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობით ისევ დედაქალაქი ლიდერობს, მეორე ადგილზე აჭარის რეგიონია. ქვეყნის მასშტაბით მძიმე მდგომარეობაში 728 პაცინეტია.

რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას, სულ აცრილია – 43 568 ადამიანი, გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა 1767-მა პირმა გაიკეთა. თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ რეგიონებში აცრის კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა და თუ ასე გაგრძელდა, მხოლოდ ერთი ქალაქი იქნება უსაფრთხო. სწორედ აცრილთა რაოდენობაზეა დამოკიდებული პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ქვეყნის პირველი ინფექციონისტის თქმით, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა 30% მიაღწევს. ამჟამად მხოლოდ 2%-ია აცრილი.

მიიღებს თუ არა Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას – გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. საქართველოში უკვე შემოსულია Sinopharm-ის 100 000 დოზა, ხოლო საჩუქრად გადმოცემულ Sinovac-ის 100 000 დოზას ქვეყანა დღეს მიიღებს.  Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს უკვე რამდენიმე დღეა შეუძლიათ.  აცრის პროცესი კი 4 მასისიდან დაიწყება.