გადადებული სასამართლო – რა გაირკვევა ნიკა მელიას გათავისუფლებაზე 13 მაისამდე | 29.04.2021

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 მაისამდე  გადაიდო. საქალაქო სასამართლოში დღეს საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და  პროცესის იმ ვადით გადადება მოითხოვა, ვიდრე ხელისუფლება მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ადვოკატებმა თქვეს, პარლამენტში ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და შესაბამისად შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. მათი თქმით, ნიკა მელიას საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული,  პროცესი კი მართლმსაჯულების იმიტაცია, ამიტომ მელიას გათავისუფლების დირექტივა სასამართლოს და პროკურატურას სწორედ ხელისუფლებამ უნდა მისცეს.

ნიკა მელიას საქმეში პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს ბრალდების მხარე და ადვოკატებსაც მოუწოდებს პოლიტიკური არგუმენტებიდან სამართლებრივზე გადავიდნენ. პროკურორი ამბობს, რომ დაცვის მხარეს არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ წარმოუდგენია, რაც აჩენს ეჭვს, რომ ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურების მცდელობას. ამირან გულუაშვილი თქმით, თუ ნიკა მელიას საპატიმროს დატოვება სურს გირაო უნდა გადაიხადოს.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წინა სხდომაზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. თუმცა, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ მელიას თანაგუნდელები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პოლიტიკოსების თქმით, მელიას საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, საქალაქო სასამართლოში კი მართლმსაჯულების სპექტაკლები იმართება.

პარლაემნტში შესული ოპოზიცია კი იმედს გამოტქვამს, რომ “ქართული ოცნება” მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გამოიყენებს და ნიკა მელიას იქამდე გაათავისუფლებს, ვიდრე პარლამენტი ამნისტიის კანონს მიიღებს. მათი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება, როგორც შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესრულებას, ისე პოლიტიკური კრიზისის გამნუხტვას დაეხმარება.

“ქართულ ოცნებაში” კი  შექმნილ ვითარებას კომიკურს უწოდებენ. მმართველი გუნდის დეპუტატები ამბობენ, რომ  ნიკა მელიას საპატიმროს დატოვება გირაოს გადაიხდის შემთხვევაში ნებისმიერ დროს  შეუძლია, თუმცა ის ციხიდან თავად არ გამოდის, ვინაიდან ეს “ნაციონალურ მოძაობას” არ აწყობს.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი. ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. 13 აპრილს კი საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ისევ ძალაში დატოვა. განთავისუფლდება თუ არა ნიკა მელია მომავალ სასამართლო პროცესამდე, მალე გაირკვევა. სხდომა 13 მაისს ჩაინიშნა.