ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოზიციას ისევ არ ცვლის და კოლეგებს ციხიდან კონკრეტული გზავნილებით მიმართავს. ნიკა მელიას გაცხადებული პოზიციის შემდეგ, რომ ის ციხიდან ღირსეულად გამოვა, ოპოზიციამ მისი გათავისუფლების ახალი გეგმის დასახვა დაიწყო. არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ნიკა მელიას თავდებში ის ევროპარლამენტარები ჩაუდგნენ, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე წუხილს უკვე დიდი ხანია გამოთქვამენ.
ამნისტიის კანონი, რომ 20 ივნისის საქმეში ბრალდებულ სამართალდამცველებსაც შეეხება, ეს ბოლო დღეების განმავლობაში მმართველმა გუნდმა რამდენჯერმე დაადასტურა. ოპოზიციის ის ნაწილი, ვისი ხელმოწერაც მიშელის დოკუმენტზე არ აღმოჩნდა, ამბობს, რომ მელიასა და რეალურ დამნაშავეებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა მიუღებელია.
რეალურია თუ არა ის საფრთხეები, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ჯერ კიდევ გაუხმაურებელ კანონპროექტში ხედავს – ამნისტიის კანონს ბევრად უფრო ნაკლები სკეპტიკურობით უყურებენ ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვებიან. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამნისტია პოლიტიკური დევნის დასრულების ერთადერთი გზაა, თუმცა ის მძიმე დანაშაულებებს არ შეეხება. “გირჩის” აზრით კი დღეიდან ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარი აღარ არის.
მელიას გათავისუფლების, სავარაუდო ფორმას იწუნებენ ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი კვირას აქციასაც მართავენ, ამბობენ, რომ მელიას გათავისუფლების მოტივით დამნაშევე პოლიციელების პასუხისმგებლობის გარეშე დატოვება, მიუღებელია.
რა ფორმას მიიღებს მელიას ციხიდან გამოყვანა და ჩაერთვებიან თუ არა საქმეში ევროპელი პარლამენტარები. ოპოზიცია ახალ ცნობებს ბრიუსელიდან უახლოეს დღეებში ელოდება. დრო კი იწურება – ამნისტიის კანონს პარლამენტი სამშაბათს, 27 აპრილს დააინიცირებს.