“20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ” – ასეთია ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას გზავნილი 224-ე საკნიდან. მელია, რომელიც უკვე 2 თვეა სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის, ხაზგასმით ამბობს, რომ მისი თავისუფლების სანაცვლოდ 20 ივნისის საქმეში მონაწილე პოლიციელების ამნისტირება მიუღებელია. ნიკა მელიას მსგავსად ამნისტიის კანონის ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიაში ამბობენ, რომ მელიას ციხიდან გამოშვება რეალურ დამნაშევეებთან ერთად მიუღებელია.
ამნისტიის კანონს ეწინააღმდეგებიან და მხარს არ უჭერენ ის პარტიები, რომლებიც მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას ამ დრომდე არ ჩქარობენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ გავრილოვის პირადი პატიმრის და უკანონო ბრძანების შემსრულებელი პოლიციელების გათანაბრება კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიციის ნაწილის თქმით, თუ “ოცნებას” ვითარების რეალური განმუხტვა სურს, მაშინ პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა უნდა გააუქმოს და მელია ციხიდან დღესვე გამოუშვას.
მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის კანონის ინიცირებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, ბუნდოვანია ვინ და როგორ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. ის ოპოზიციური პარტიები, რომელთა ხელმოწერები მიშელის დოკუმენტზე უკვე აისახა, ამგვარი ფორმით ინიცირებულ კანონს მხარს არ დაუჭერენ. თუმცა ამბობენ, რომ არსებობს ერთი გამონაკლისი- პარტიების ნაწილი თანახმაა, პოლიციელების ამნისტია დაზარალებულების თანხმობის შემდეგ მოხდეს.
ამნისტიის კანონით რომ ბრალდებისგან ყველა პოლიციელი გათავისუფლდება, ეს “ქართული ოცნების” წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამნისტიის კანონში მხოლოდ ცალკეული ადამიანების შეყვანა შეუძლებელია, რადგან ის კანონში არსებული მუხლებით განისაზღვრება. “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ აპელირება მიშელის დოკუმენტში ჩადებულ ამ ჩანაწერზე, შემდგარი შეთანხმების ჩაგდების მცდელობაა.
ამნისტიის კანონს “ქართული ოცნება” სამშაბათს დააინიცირებს, თუმცა მანამდე კანონპროექტის ზუსტი შინაარსი ისევ საიდუმლოდ რჩება. ნიკა მელია და მისი თანაპარტიელები მკაფიოდ ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ხელმოწერასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღებენ, რაც “ოცნება” ნიკა მელიას გაათავისუფლებს.