საქართველოში ეკონომიკური კრიზისი ყოველდღიურად მძიმდება, ეროვნული ვალუტა კი დღითი დღე უფასურდება. კრიზისის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან, რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯი, რომელიც კრიზისს დაასტაბილურებს, ამ დრომდე არ ჩანს. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 45 თეთრს აღწევს. ლარი უფასურდება ევროსთან მიმართებაშიც, 1 ევროს ღირებულება 4 ლარი და 15 თეთრია. ეს მაჩვენებლები გაცილებით მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე საწვავსა და პროდუქტზე ფასების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან ეკონომისტები. ამბობენ, რომ ლარის გაუფასურებაში დამატებითი როლი ქვეყანაში კორონა პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ითამაშა. დარგის სპეციალისტების შეფასებით, ლარის ვარდნის მიზეზი “ქართული ოცნების” არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა. მათივე თქმით, მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია.
ეროვნული ვალუტის რეკორდული ვარდნის შესაჩერებლად ქვეყნის ცენტრალური ბანკი რეზევებს აცარიელებს, თუმცა ლარი მაინც უფასურდება. ეროვნული ბანკი და მთავრობა კი სავალუტო ბაზარზე შექმნილ მძიმე ვითარებას კორონაპანდემიის მიზეზით ხსნიან.