ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ყველა ნიშნული საგანგაშო ზღვარს უახლოვდება. გაუარესებული ეპიდვითერების ფონზე ქვეყანა კორონავირუსის ტესტების დეფიციტის წინაშეა. საუბარია ანტიგენზე დაფუძნებულ ტესტებზე. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ასეთი ტესტი დაახლოებით 25 000-ია დარჩენილი, მაშინ როდესაც მხოლოდ ბოლო 24 საათში 13 456 გაკეთდა. ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა სწრაფი შესყიდვისთვის უკვე გადარიცხა.
ოპოზიცია იმუნიზაციის პროცესის შეფერხებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ არის შემთხვევები როდესაც ექიმები ალერგიულ პაციენტებს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე უარს სუბიექტური შიშების გამო ეუბნებიან. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ადანაშაულებე და ამბობენ, რომ უწყებას კორონავირუსის საწინაღმდეგო აცრასთან დაკავშირებით სამედიცინო მუშაკებთან არ უმუშავია და არ ჩაუტარებია საინფორმაციო კამპანია. მათივე განცხადებით, ეს ისედაც ნელ პროცესს, კიდევ უფრო აფერხებს.
გართულებული ეპიდმდგომარეობის ფონზე გადარჩენის გზებს ეძებს ბიზნესი. “შაბათ-კვირას მუშაობის უფლება და კომენდანტის საათის გაუქმება” – ეს ის მოთხოვნებია, რასაც სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლებას უყენებს. რესტორატორებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და პრემიერ ღარიბაშვილტან შეხვედრა მოიტხოვეს. სარესტორნო ბიზნესს სახვა არაერთი ასოციაციაც შეუერთდა. ბიზნესასოციაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეიქმნას ერთობლივი ფორმატი და მათი ჩართულობით შემუშავდეს გეგმა, შეზღუდვების გარეშე, ბიზნესის ეფექტური მართვისთვის.
ვიდრე ქვეყანა ტესტების დეფიციტის საფრთხის წინაშეა და ბიზნესი მთავრობის პასუხს ელოდება, ხელისუფლება რეგულაციების შემსუბუქების ნაცვლად მათ გამკაცრებაზე ფიქრობს. კორონავისურის შემთხვევების პიკურ პერიოდს ქვეყანა მაისის შუა რიცხვებამდე ელის. COVID-19-ის შემთხვევების მატების ფონზე საწოლების, კოვიდსასტუმროებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის მობილიზაცია ისევ დაიწყო.
ბოლო 24 საათში ჩატარებული 27 000-ზე მეტი ტესტიდან დადებითი 1226 აღმოჩნდა. ინფექციას კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა, დადებითობის დღიურმა მაჩვენებლმა კი ისევ 4%-ს გადააჭარბა. ქვეყანაში 600-მდე მძიმე პაციენტია, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 113 პირი იმყოფება. ვაქცინაცია ისევ დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ბოლო 24 საათში 1426 ადამიანი აიცრა, ჯამში კი იმუნიზაცია 33 337 ადამიანმა ჩაიტარა. ვაქცინის შემოტანის უფლება კერძო სექტორს ისევ არ აქვს. მათთვის ვაქცინების შემოტანის გზა მაშინ გაიხსნება, როცა მწარმოებლები კერძო სექტორთან თანამშრომლობას დათანხმდებიან.