პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ – მედიაციით კმაყოფილმა შარლ მიშელმა საქართველო დატოვა | 21.04.2021

წარმატებული მედიაციის შემდეგ შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ქვეყანა დღეს დილით დატოვა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააცილეს. შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და იმ პარტიებს, რომლებმაც მის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმნეტს ხელი მოაწერეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ლიდერებს მიღწეულ შეთანხმებას კიდევ ერთხელ ულოცავს და აღნიშნავს, რომ კომპრომისი ევროპული სიძლიერეა.

“განსაკუთრებულად მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ეს ნიშნავს რთული სამუშაოს ახალ დასაწყისს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წასწევს. მინდა, მივულოცო საქართველოს ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევა. კომპრომისი ევროპული სიძლიერეა. ეს არ არის სისუსტე. ის საშუალებას აძლევს, რომ გაჩნდეს ხმათა მრავალფეროვნება და კოლექტიური აზროვნება. ეს მიღწევა თქვენია და ახლა გამოწვევაც თქვენია, რომ ამან იმუშავოს. შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული რეგიონალური სიტუაციის ფონზე. ევროკავშირი ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობით და ყირიმის უკანონო ანექსიით. აქ იმისთვის ვარ, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, ევროკავშირის ვალდებულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის ისე ძლიერი, როგორც არასდროს,” –წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.