სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის – გიორგი მუმლაძეს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა | 16.04.2021

რამდენიმე საათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ მოსამართლემ “ილიაუნის” პროფესორს, გიორგი მუმლაძეს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის ნახევრის გადახდის შემთხვევაში ის ციხეს დატოვებს. მუმლაძეს პოლიცია დაუმორჩუილებლობასა და ძალადობას ედავება. დაცვის მხარე ფიქრობს, რომ მუმლაძე ციხიდან ყოველგვარი აღკვეთის გარეშე უნდა გამოსულიყო, რადგან ის უდანაშაულოა.

გიორგი მუმლაძეს დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს იმ სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც მასთან ერთად უკვე მეექვსე თვეა კარვებში არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უკვე ღიად დაიწყო მისთვის არასასურველი აქტივისტების მოგონილი ბრალდებით დევნა. ამბობენ, რომ სასამართლოს მიერ შეფარდებულ გირაოს თანხას შეაგროვებენ და გადაუხდიან.

გიორგი მუმლაძეს თავდებში უდგება “ილიაუნის” პროფესორთა ის ნაწილი, ვისთვისაც მუმლაძე ხელისუფლების მორიგი პოლიტპატიმარია. დაკავებულ აქტივისტს მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ პოლიტიკოსებმაც, რომლებისთვისაც მუმლაძის დაკავების ფორმა და პოლიციის მოქმედების ტაქტიკა კარგად ნაცნობია. ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” მის მიერ დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციით საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავა. მას პოლიცია დაუმორჩილებლობასა და პოლიციელზე ძალადობას ედევება.