ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თითქმის 4 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი ისევ გრძელდება. თუმცა, ისინი ჯერჯერობით სამოქმედო გეგმას ცვლიან და პროტესტის მშვიდობიან ფორმაზე გადადიან. ხეობიდან პოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტა და ადგილზე კარვების დაბრუნება – ასეთია პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები. ისინი მხარდამჭერებს სხვადასხვა ქალაქში პიკეტირებისა და ქუჩების გადაკეტვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. სოფელ გუმათში დღეს ვითარება მშვიდია, თუმცა ადგილზე პოლიცია, რკინის ჯებირები და ნამახვანჰესიის მოწინააღდმეგეები ისევ რჩებიან.
32 არასამთავრობო ორგანიაზაცია ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წერენ, რომ პროცესების შემდგომ ესკალაციას და პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი. განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები იზიარებენ პროტესტის მონაწილეების მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი გარემო და მოსახლეობის ინტერესები და თვლიან, რომ მოვლენათა მიმდინარეობა ნამახვანჰესის პროტესტის გარშემო არ იძლევა ზიანის აცილების იმედს.
აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვედრა ღამით გაიმართა. რიონის ხეობის მცველების ინფორმაციით, გუშინდელ შეხვედრაზე პირველად დაიშვა შესაძლებლობა, რომ ჰესი არ აშენდეს. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, დაკამყოფილდება თუ არა ჯერეჯერობით უცნობია. მთავრობას აქციის წევრებმა რამდნეიმე დღიანი გონივრული ვადა მისცეს. რიონის ხეობაში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება, 3 აპრილის შემდეგ კი ხეობაში შეზღუდულია გადაადგილება. 11 აპრილიდან პროტესტმა ნამახვანიდან, სადაც აქტივისტების კარვები პოლიციამ დაშალა, გუმათში გადაინაცვლა, სადაც სამართალდამცველებს რკინის კედელი აქვთ აღმართული.