“ოცნება” დანიელსონის დატოვებულ დოკუმენს ხელს აწერს – რას აპირებს ოპოზიცია | 16.04.2021

რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა კრისტიან დანიელსონის მიერ დატოვებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. “ქართული ოცნების” ამ გადაწყვეტილების გახმოვანება დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მოუწია, რომელმაც დღეიდან მთელი პასუხისმგებლობა ოპონენტებს დააკისრა. “ქართულ ოცნებაში” დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი “ოცნებამ” საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცების მიზნით გადადგა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში “ქართული ოცნების” წევრების ვიზიტის შემდეგ “ოცნება” დღეს უკვე ღიად ალაპარაკდა, რომ გარდა დოკუმენტზე ხელის მოწერისა, მზად არიან კიდევ ერთ დათმობაზე წავიდნენ. მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს, რომ თუ ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებზე “ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებს, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

“ქართული ოცნების” დღევანდელ ბრიფინგს პირველი გამოხმაურებები უკვე მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან დოკუმენტზე ხელის მოწერა, მთელი პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე გადაბრალების უსუსური მცდელობაა. ოპოზიციურ ერთობაში ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ ისეთ დოკუმენტზე მოაწერენ ხელს, რომელშიც გარდა პოლიტპატიმრებისა, ეწერება პირობა, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.