“სამწუხარო და არასწორი” – ასეთია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი გუნდიდან 6 წევრის წასვლის შემდეგ. ამერიკის შერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კობახიძე ამბობს, რომ გახარიას პოლიტიკურ მომავალს ისეთივე არასწორი გაგრძელება ექნება, როგორც დაიწყო. კობახიძე უკმაყოფილოა იმით, რომ დემარშით წასვლამდე გახარიას ბანაკში გადასულებმა, ყოფილ თანაგუნდელებთან პარტიიდან წასვლის საკითხი არ განიხილეს.
“ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ თუ გიორგი გახარია ქართული ოცნების ამომრჩევლის გადაბირებას ეცდება, ეს მათ მხოლოდ მიზერულ სარგებელს მოუტანს. მმართველი გუნდის წევრები თვლიან, რომ პარტიიდან წასულებმა პარლამენტი უნდა დატოვონ, რადგან ისინი საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” რეიტინგით მოხვდნენ.
“ქართული ოცნების” მოქმედმა და ყოფილმა წევრებმა დღეს იმის გარკვევა დაიწყეს ვისი დამსახურებაა პარტიის გამარჯვება ოქტობრის საპარლამენტო არჩევნებში. ყოფილი პრემიერის ახალ გუნდში ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” ხმების დიდი რაოდენობა სწორედ გახარიას ფიგურამ მოუტანა, ამიტომ მათი ერთობა ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
შეუერთდება თუ არა გახარიას გუნდი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ამ კითხვაზე ყოფილი პრემიერის გუნდს პასუხის გაცემა სულ მალე მოუწევს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები კი ამბობენ, რომ გახარიას გუნდი ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტია, რომლის მიზანიც “ოცნებასთნ” კოალიციის შექმნა და ძალაუფლების ამ ფორმით შენარჩუნებაა.
გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გამართავს. ყოფილი პრემიერი ჯერ არსად ჩანს, მისი თანაგუნდელები კი მედიასთან არ ამბობენ იქნებიან თუ არა მათთან ერთად მთავრობიდან წასული ნათია მეზვრიშვილი და მაია ცქიტიშვილი.