არსებობს თუ არა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შემდეგ | 14.04.2021

არსებობს თუ არა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პატიმრობაში დატოვების შემდეგ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელი რჩება და ესენია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ თუ “ქართულ ოცნებას” ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა სურს დათმობაზე უნდა წავიდეს.

პარტია “მოქალაქეები” თვლიან, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება მოლაპარაკებების პროცესს კიდევ უფრო გაართულებს. ლევან იოსელიანი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” გაიაზროს შექმნილი ვითარება და დაასრულოს მოლაპარაკებები.

“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ნიკა მელიას საპატიმროს დატოვება გირაოს გადახდის შემთხვევაში შეუიძლია, თუმცა არ მას და არც ოპოზიციას მისი საკნიდან გამოყვანა არ აწყობს.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გუშინ პატიმრობაში დატოვა. 5 საათიან პროცესს საქმის მთავარი ფიგურანტი, ნიკა მელიაც ესწრებოდა. მელიამ ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტყილებას პოლიტიკურად მოტივირებული, თავად მოსამართლეს კი მონა უწოდა.