რიონის ხეობის მცველები ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ENKA-ს ბაზასთან მივიდნენ და ხეობა ჩაკეტეს | 13.04.2021

რიონის ხეობის  მცველები ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის  ENKA-ს ბაზასთან მივიდნენ და ხეობა ჩაკეტეს. ამბობენ, რომ ბაზის ბლოკირება ისე მოახდინეს, როგორც სამართალდამცველებმა სოფელი ნამოხვანი ჩაკეტეს. რიონის ხეობის მცველების გარდა ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველი. პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.  აქციის მონაწილეების განმარტებით,  სოფელ გუმათის შემდეგ, ამიერიდან პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი სწორედ კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ბაზა იქნება.

პროტესტის 170-ე დღეს რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა  მოთხოვნა უცვლელია. ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვები დაშალეს. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ  თუ მათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა არ ექნებათ,  პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ “ქარული ოცნება” თავისუფალი გამოხატვის უფლებას საპოლიციო ძალებით ცდილობს. ეს კი რეპრესიული მმათველობის ერთ-ერთი  ნათელი მაგალითია.

“ქართული ოცნება” კი ირწმუნება, რომ რიონის ხეობაში გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება. მმართველი გუნდის წევრები აქციის მონაწილეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას ურჩევენ.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს მესამე სექტორი. განცხადება 13 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერით გავრცელდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ და სამართალდამცავებიც მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას. მესამე სექტორის აზრით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ხალხს არ უსმენს დემოკრატიისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ  სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს არა პოლიციელების ხელით, არამედ უშუალო კომუნიკაციით უნდა უპასუხოს.  როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, დიალოგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე ყველა შეკითხვაზე არგუმენტირებული პასუხი არ იქნება გაცემული.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდეგ ნამოხვანსი, პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია ENKA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას  მოითხოვენ.