სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან. პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს. უკრაინის საელჩოსთან შეკრებილებმა სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერა გამოუცხადეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს უკრაინის მხარდამჭერისთვის მკაფიო განცხადება გააკეთოს. სოლიდარობის აქციას საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვიც შეურთდა, რომელმაც ქართველ ერს გვერდში დგომისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. რუსეთი უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკასა და სამხედრო ძალას კრებს. რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, 13 აპრილის დილის 7:00 საათის მონაცემებით, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამჯერ დაარღვიეს – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული. უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა მათი ნატოში გაწევრიანებაა, ამიტომ წევრ ქვეყნებს საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს.