ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღეს დააკამყოფილა და სასამართლო პროცესი 13 აპრილამდე გადადო. თითქმის 1 საათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ მომდევნო პროცესიდან განხილვებს საქმის მთავარი ფიგურანტი, ნიკა მელია დაესწრება, რომელსაც სხდომაზე დასწრების უფლება აქამდე ჩამორთმეული ჰქონდა. სწორედ 13 აპრილს უნდა გაირკვეს შეიცვლება თუ არა მელიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა და დატოვებს თუ არა ის რუსთავის ციხეს.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მელიას უფლებადამცველების პირველივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ადვოკატებს მაინც არ აქვთ იმედი, რომ ეს პროცესი ნიკა მელიას თავისუფლებით დასრულდება. სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა თქვეს, რომ ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა კანონის უხეში დარღვევაა, თუმცა პოლიტიზირებული სასამართლოსთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ადვოკატებმა დღეს ისევ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მელია გიაროს თანხას არ გადაიხდის.
“ნიკა მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არ არის” – ასეთია ბრალდების მხარის პოზიცია მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ. პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ თუ მსჯავრდებულ მელიას ციხის დატოვება სურს, მაშინ მას შეუძლია გირაოს ის თანხა გადაიხადოს, რომელიც პროკურატურამ ჯერ კიდევ 25 თებერვალს მოითხოვა. საგამოძიებო უწყება ირწმუნება, რომ მათ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ მელია 20 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობას ხელმძღვანელობდა.
სასამართლოს შენობის გარეთ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი საქალაქო სასამართლოსთან მელიის ფორმაში გამოწყობილი, ნაწილი კი მოსამართლის მანტიით მივიდა. მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, პოლიციამ სამოქალაქო სექტორი ეზოს ტერიტორიაზე არ შეუშვა, რასაც ხმაური და მცირე დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტები ამბობენ, რომ ნიკა მელია ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია, “ქართული ოცნება” კი საქართველოში პუტინის წესებით მოქმედებს.
ნიკა მელიას დღეს სოლიდარობა იმ ადამინებმაც გამოუცხადეს, რომლებიც რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში მასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმის გამოჩენას ელოდნენ. ოპოზიცია ამბობს, რომ მელია გავრილოვის და რუსი ოლიგაქრის პირადი პატიმარია, ამას კი დასავლეთი უყურადღებოდ ვერ დატოვებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მიუხედავად “ოცნების” გაჯიუტებისა, ხელისუფლებას მელიას ციხიდან გამოშვება და კრიზისის განმუხტვის მიზნით, ვადამდელი არჩევნებსი დანიშვნა მაინც მოუწევს.
პროკურატურის ოფიციალური პოზიციის მსგავსი განცახდებები დღეს არამარტო სხდომათა დარბაზში, არამედ პარლამენტშიც ისმოდა. “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარი არ არის და თუ მას თავისუფლება სურს, ამისთვის მხოლოდ გიაროს თანხის გადახდაა საჭირო. “ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ მელიას თემას ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, თუმცა მათი მიზანი, რომ სიტუაცია გამწვავდეს – მიუღწეველია.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე საპოლიციო ძალებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მელიამ სამაჯურის მოხსნისთვის დაწესებული გირაო არ გადაიხადა. ნიკა მელიას ასაყვანად გომელაურის უწყებას რამდენიმე ასეული პოლიციელით შენობაში შესვლა და მელიას ძალის გამოყენებით დაკავება მოუწია. თავად ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და არც 13 აპრილის სასამართლოს იმედი აქვს.