აფგან მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მისი გატაცების შესახებ ივანიშვილი ინფორმირებული იყო | 08.04.2021

ვინ და როგორ გაიტაცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისდან 2017 წლის მაისში. საქართველოში სპეციალურად დაბრუნებული აფგან მუხთარლი დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ის ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას იმ კონკრეტული ადამიანების ვინაობასაც დაუსახელებს, რომლებმაც მისი გატაცების ოპერაცია დაგეგმეს.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად მის გატაცებაში საქართველოს ძალოვან უწყებებსაც ადანაშაულებს და ამბობს, რომ შეუძლია ამოიცნოს ის პირები რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. აფგან მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყნიდან გატაცების შესახებ ბიძინა ივანიშვილი და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც ინფორმირებული იყო. ამბობს, რომ ამის შესახებ მან აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნისგან იცის.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის ადვოკატს არ აქვთ იმედი რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა ჟურნალისტის გატაცების საქმეს გამოიძიებს. არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ გამოძიება უკვე 4 წელია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშიც არავინ მიცემულა. ადვოკატს იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანელი ჟრუნალისტის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და სათანადოდ შეაფასებს იმ მოვლენებს, რომელიც 2017 წლის 29 მაისს განვითრდა.

აფგან მუხთარლი თბილისიდან გაურკვეველ ვითარებაში 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. ჟურნალისტი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა საპატიმროში აღმოჩნდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით წაუყენა. სასამართლომ კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აფგან მუხთარლი საპატიმროდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს, დანარჩენი წლები პირობითად ჩაეთვალა. მუხთარლის გატაცების საქმეს საქართველოს პროკურატურა 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.