აფგან მუხთარლიმ შოთაძის უწყება ისე დატოვა, რომ მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა | 08.04.2021

ვინ და როგორ გაიტაცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისდან 2017 წლის მაისში. საქართველოში სპეციალურად დაბრუნებული აფგან მუხთარლი დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ის შოთაძის უწყებაში 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა შენობა ისე დატოვა, რომ მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მიზეზი თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. როგორც აფგან მუხთარლი ამბობს, მას ორი თარჯიმანი მიუყვანეს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა თარგმანის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აპირებდა, რომ გამომძიებლებისთვის დეტალურად მიეწოდებინა ინფორმაცია, როგორ მოხდა მისი გატაცება და ვინ მონაწილეობდა პროცესში. ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას იმ კონკრეტული ადამიანების ვინაობასაც დაუსახელებს, რომლებმაც მისი გატაცების ოპერაცია დაგეგმეს.

გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გამოკითხვის დაწყებამდე, საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს გაესაუბრა და განაცხადა, რომ ის მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდა. ამის შემდეგ კი, ახალი თარჯიმანი მოიწვიეს, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. უწყების ცნობით, დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, მუხთარლიმ განაცხადა, რომ მეორე თარჯიმანიც ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნას, ამიტომ მას კვლავ შესთავაზეს ახალი თარჯიმანის მოწვევა, რაზეც მუხთარლიმ უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით აფგან მუხთარლის გამოკითხვა სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად მის გატაცებაში საქართველოს ძალოვან უწყებებსაც ადანაშაულებს და ამბობს, რომ შეუძლია ამოიცნოს ის პირები რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. აფგან მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყნიდან გატაცების შესახებ ბიძინა ივანიშვილი და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ინფორმირებული იყო. ამბობს, რომ ამის შესახებ მან აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნისგან იცის.

“პროკურატურას მე ვაჩვენებ გატაცების ადგილს, ასევე იმას, თუ რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში და საიდან გადამცეს. გზის ნახევარს მე ვხედავდი თავზე ჩამოცმული ტომრის ნახვრეტებიდან. საქართველოს პროკურატურისგან განსაკუთრებულად დიდი მოლოდინები არ მაქვს, რადგან ეს საქმე ჩაიდინა საქართველ მთავრობამ, ამის შესახებ იცოდა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, კვირიკაშვილმა, ალბათ ამის შესახებ იცოდა ივანიშვილმა. ამიტომ, ქართული პროკურატურისგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. თუმცა, ბოლომდე უნდა მივიდეთ, უნდა მივცე ჩვენება. იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოს პროკურატურას წლის განმავლობაში უნდა მოვეწვიე თბილისში, უნდა მოეთხოვა ჩემგან დანაშაულის ადგილის ჩვენება და ინტერვიუ ჩამოერთმია, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ. ციხეში ჩემი ყოფნისას საქართველოს პროკურატურა აცხადებდა, რომ ჩემთან შეხვედრას აზერბაიჯანული მხარე კრძალავდა. ახლა კი მე ერთ წელზე მეტია თავისუფალი ვარ. რამდენიმე თვის წინ თბილისში ჩამოსვლა მინდოდა, თუმცა ბერლინიდან არ შემომიშვეს. ეს გააკეთა ქართულმა ავიაკომპანიამ, როდესაც ჩემი ბილეთი გააუქმა და პრაქტიკულად საქართველო არ შემომიშვ. ჩემმა ადვოკატებმა ამ საქმით ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართეს,” – განაცხადა აფგან მუხთარლმა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის ადვოკატს არ აქვთ იმედი, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა ჟურნალისტის გატაცების საქმეს გამოიძიებს. არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ გამოძიება უკვე 4 წელია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშიც არავინ მიცემულა. ადვოკატს იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანელი ჟრუნალისტის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და სათანადოდ შეაფასებს იმ მოვლენებს, რომელიც 2017 წლის 29 მაისს განვითრდა.

აფგან მუხთარლი თბილისიდან გაურკვეველ ვითარებაში 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. ჟურნალისტი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა საპატიმროში აღმოჩნდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით წაუყენა. სასამართლომ კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აფგან მუხთარლი საპატიმროდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს, დანარჩენი წლები პირობითად ჩაეთვალა. მუხთარლის გატაცების საქმეს საქართველოს პროკურატურა 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.