რამდენიმე საათი ნიკა მელიას სასამართლო პროცესამდე – ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც უკვე თვეზე მეტია სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის, ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ხვალიდნელ სხდომაზე მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილმა უნდა იმსჯელოს შეიცვლება თუ არა აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობა და დატოვებს თუ არა ნიკა მელია 224-ე საკანს. მელიას უფლებადამცველს მოლოდინებზე საუბარი უჭირს, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ მელიას ციხეში ყოფნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. გიორგი კონდახაშვილი აღნიშნავს, რომ ხვალიდნელი ვერდიქტი, ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
რუსთავის ციხესთან დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი მივიდა, რომელმაც მელიას ხარების დღესასაწაული მიულოცა და ნობათი მიუტანა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაზე უარს არ იტყვის და მელიას არ გამოუშვებს, ამას დასავლეთიდან სანქციები მოჰყვება.
რა გავლენა ექნება მელიას საპატიმროში დატოვებას ან მის გათავისუფლებას მოლაპარაკებების იმ პროცესზე, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩიხშია შესული. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სასამართლო “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, ამიტომ ხვალიდნელი პროცესისგან რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ. ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ახლა რთულ მდგომარეობაშია – იმ შემთხვევაში თუ მელიას გამოუშვებს 15 მაისის აქციისადმი ინტერესი გაიზრდება, ხოლო თუ ისევ დატოვებს სანქციების ფასად დაუჯდება.
“სასამართლო თავისუფალია და ის დამოუკიდებელად მოქმედებს” – ასეთია “ქართული ოცნების” გზავნილები ნიკა მელიას პროცესამდე 1 დღით ადრე. მმართველი გუნდის თქმით, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდა და ციხიდან გამოსვლა დღესვე შეუძლია, თუმცა მის საქმეს ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. “ოცნება” ოპონენტებს ისევ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებას და იმ დოკუმენტზე ხელის მოწერას სთავაზობს, სადაც ერთ-ერთი პუნტქი 20 ივნისის ამნისტიას ეხება.
სასამართლო პროცესი, რომელიც შესაძლოა ნიკა მელიასთვის თავისუფლების ბილეთი აღმოჩნდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ დღის 11:00 საათზე დაიწყება. დაცვის მხარე მოსამართლეს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს და მელიას გათავისუფლების საკითხს დააყენებს.