Facebook-ის ადმინისტრაციამ „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 11 Instagram ანგარიში წაშალა, – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებვერდზე გამოქვეყნდა. ინტერნეტ პლატფორმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გვერდების წაშლა ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარების მიერ, ანგარიშების შესწავლის საფუძველზე მოხდა. ორგანიზაციის განცხადებით, ზოგიერთი ანგარიში, რომელიც ქართულ მარშს არეკლამებდა, ამავდროულად POSTV- სა და ამავე არხის მფლობელისა და წამყვანის, შალვა რამიშვილის პოსტებს აზიარებდა. წაიშალა “მარში TV”-ც, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე შეიქმნა და პარტიასთან დაკავშირებულ მაუწყებლობად მიიჩნევა.
„საქართველოდან წავშალეთ 23 Facebook ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 11 Instagram ანგარიში, რომელთა სამიზნესაც ამ ქვეყნის შიდა აუდიტორია წარმოადგენდა. ჩვენს მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ამ ქსელსა და პოლიტიკურ პარტია „ქართულ მარშსა“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებულ პირებს შორის კავშირი აღმოაჩინა,“– აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.