ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკება ჩაიშალა, თუმცა ოპოზიციიის ნაწილი “ქართულ ოცნებასთან” პირისპირ დიალოგს იწყებს. ერთ-ერთი პირველი, ვინც საპარლამენტო ბოიკოტის დარღვევაზე ხმამაღლა ალაპარაკდა და ოცნებასთან შეხვედრა დაანონსა, იაგო ხვიჩიას “გირჩია”. ოპოზიციისგან დისტანცირებული პარტია აპირებს კრიზისის მოგვარების გზები “ქართული ოცნების” ლიდერებისგან მოისმინოს და პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხი ამის შემდეგ გადაწყვიტოს.
“ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ ოპოზიციაში ჯერ კიდევ არსებობს ის კონსტრუქციული ნაწილი, ვისთვისაც ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფანჯარა ისევ ღიად რჩება. უმრავლესობა იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციური პარტიები კრისტიან დანიელსონის მიერ დატოვებულ დოკუმენტს დაუბრუნდებიან და მეათე მოწვევის პარლამენტში საკუთარ ადგილებს დაიკავებენ.
“გირჩის” სამომავლო გადაწყვეტილება შესაძლოა, არ იყოს ის ერთადერთი გარემოება, რომელმაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეცვალოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებები იწყება, რომელსაც ირაკლი კობახიძის პარტიული თანამდებობა ეწირება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კობახიძეს “ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე ქვეყნის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს, ეს კი ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებაა.
“ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკურ ოპონენეტებს ღია შეტყობინება გაუგზავნა – ოპოზიციის შეფასებით თუ მართვის სადავეები მთლიანად ღარიბაშვილის ხელში აღმოჩნდება, ეს იქნება დასტური, რომ “ოცნებას” ქვეყანაში არსებული რთული ვითარების განმუხტვა არ სურს. ოპოზიცია უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ისევ მკაფიოდ ამბობს, რომ მათი ხელმოწერა დოკუმენტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მასში ოპოზიციის ორი მთავარი მოთხოვნა აისახება.
მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობას ხედევს მესამე სექტორი, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს დაუბრუნდეს დიალოგის მაგიდას და გამოსავლის გზებზე იმსჯელოს. მათი თქმით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეს სასიცხლოდ აუცილებელია.
როგორ შეცვლება ვითარება პოლიტიკურ ველზე, საპარლამენტო ბოიკოტის მეექვსე თვეს – ოპოზიცია ირწმუნება, რომ მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, ისინი ამ ბრძოლაში ისევ ერთიანები არიან და გეგმებს მიჰყვებიან. “ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტმა საკუთარი თავი ამოწურა, ამიტომ აუცილებელია პროცესები პარლამენტში გაგრძელდეს.