პოლიტიკური რეიტინგები და საზოგადოების განწყობა – IRI-ის კვლევა | 05.04.2021

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი პოლიტიკურ რეიტინგს უკავია. IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩეველთა 35% ხმას “ქართულ ოცნებას”, 18% კი “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა. რეიტინგში მესამეა “ევროპული საქართველო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” 3-3%-ით. სხვა პარტიებს კი მხარს გამოკითხულთა 10 % უჭერს. არ იცის ან პასუხის გაცემისგან თავს იკავებს 15%.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში საუბარია ამომრჩევლის განწყობაზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მიმართ. გამოკითხულთა 60% ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს მხარს სრულად ან ნაწილობრივ არ უჭერს, 26% კი ოპოზიიციის ბოიკოტს მიესალმება. მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.

IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა სრული უმრავლესობა, 59% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყნის განვითარება კი მოსწონს 30%-ს, ხოლო გამოკითხულთა 11% კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. მოსახლეობის ყველაზე მეტი, 49% მთავარ პრობლემად ისევ ეკონომიკურ სიდუხჭირეს და უმუშევრობას ასახელებს, ჩამონათვალშია ასევე გაზრდილი ფასები და კორონავირუსი.

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის ,დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვლია. საველე სამუშაოები IPM-ის მიერ ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.