ევროკავშირმა საქართველოს შესაძლოა ფინანსური დახმარება შეუჩეროს. ორჯერ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ევროპარლამენტი მწვავე განცხადებებიდან, ქმედებებზე გადადის. 7 ევროპელი დეპუტატი განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებას არ დათანხმდნენ. ევროპელი კანონმდებლები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს, ამაში კი დამნაშავე მოლაპარაკებებში მონაწილე ორივე მხარე იქნება, თუმცა მათი თქმით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ეკისრება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მოლაპარაკებების ჩაშლას შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის საუბარია სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებაზე და პირობითობის ზრდაზე.
“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ევროკავშირის მცდელობის მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოლაპარაკებაში მონაწილე ორივე მხარეს – როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას ეკისრება. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ კრისტიან დანიელსონის დაუღალავ შრომას და მივესალმებით იმ შეთავაზების გამოქვეყნებას, რომელიც მან პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა. ამ დოკუმენტის შინაარსი კარგი საწყისი წერტილია საქართველოს წინსვლისთვის – ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პარლამენტში პასუხისგებლობის სამართლიანი განაწილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტა. პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირის მხრიდან საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. ევროპარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს,” – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
საქართველოს საკითხი ბრუსელში შესაძლოა 19 აპრილს განიხილონ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. ის ასევე წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე უკვე ესაუბრა და იკვეთება, რომ შესაძლოა ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას. მისი თქმით, საუბარია 60 მილიონ ევროზე, რომელიც საქართველომ წესით ოქტომბერში უნდა მიიღოს.